

თამაში დაახლოებით 14 წლის ასაკში დავიწყე. ფეხბურთის ყურება მომწონდა და თან ნელ-ნელა ფსონების გაკეთებაც დავიწყე. დრო გადიოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ნაბიჯი ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა. შემდეგი ნაბიჯი იყო პოკერი. მიკვირდა საერთოდ რატომ უნდა მემუშავა, როცა შემეძლო სახლში წყნარად მეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებდა და თან ამ ყველაფრით ფულიც მეშოვნა. ვიზრდებოდი და იზრდებოდა თანხებიც ემოციებიც და პრობლემებიც. შემდეგ, გადავედი ისეთ მდგომარეობაში რომ მოგებული თანხა ხშირად აღარ მაკმაყოფილებდა და ვამჯობინებდი ან სულ წამეგო რაც მქონდა ან მომეგო უფრო მეტი. ამ შეგრძნებებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. წაგება იყო ემოცია, რომელიც შინაგანად მანადგურებდა, მანგრევდა (ამ ყველაფერს ამძაფრებდა მაგალითად, სხვისი თანხით თამაში ან გამოუვალ მდგომარეობაში ნაშოვნი ფულით თამაში და სხვა მსგავსი სიტუაციები).
მოკლედ, რომ ვთქვა, წრეზე ვტრიალებდი და ვგრძნობდი, რომ ეს იყო მონსტრი ჩემში. თუ მოვიგებდი, ემოციურად ვივსებოდი, შინაგანი სიცარიელე ივსებოდა და მაშინ ვგრძნობდი, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვიყავი. წყენა, სიბრაზე, გაღიზიანება – ემოციები რომლებიც მანგრევდნენ შინაგანად, ხოლო როცა ქრებოდნენ და თავს სავსე ადამიანად ვგრძნობდი, ჩემი თვითშეფასება ძალიან იზრდებოდა.
ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ თამაშის სურვილი გამიჩნდებოდა. არ წარმომედგინა საერთოდ თამაშის გარეშე თუ შემეძლო ცხოვრება, იცვლებოდა ბევრი რამ, თუმცა თამაში სულ იყო. იყო ბევრი მანიპულაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ვუყვარდი და ამით ვსარგებლობდი, რომ მიმეღო ყოველთვის ის რაც მინდოდა. ყველას ვადანაშაულებდი, რომ სხვისი ბრალი იყო ჩემი მდგომარეობა, რომ მე არ ვიმსახურებდი ცუდად ყოფნას, რომ მე კარგი ადამიანი ვიყავი და განსაკუთრებით ვადანაშაულებდი ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც გვერდში მედგა. დროთა განმავლობაში, განვიცადე კრახი ყველაფერში ცხოვრების ყველა სფეროში, ნებისმიერი რამ, რაც თამაშს კვეთდა – ურთიერთობა იქნებოდა ეს, სამსახური თუ სხვა რამ, თამაში ყველაფერზე ძლიერი იყო, ყველაფერს ვთმობდი. ვეგუებოდი, რომ შეიძლებოდა დამეკარგა ყველაფერი, თუმცა თამაში ყველაზე ახლოს იყო ჩემთან, რადგან რასაც ის მაძლევდა, მსგავს ემოციას ვერავისგან და ვერაფრისგან ვიღებდი.
ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ვაღიარე სახლში და ვთქვი – თამაში ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და ის მე მმართავდა. ის ცოტა ადამიანი, ვინც დამრჩა ჩემს ირგვლივ, ყველა ძალიან დავღალე ჩემი ცხოვრებით, თუმცა ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად მე დავიღალე. ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და დავიწყე გამოსავლის ძებნა და იმდენად გულით ვეძებდი, რომ ძალიან მალე ვიპოვე კიდეც. შევხვდი ადამიანებს რომლებმაც რეალურად დამანახეს ჩემი პრობლემა, დამანახეს, რომ ეს დაავადებაა გადმომცეს მათი გამოცდილება. ამ ყველაფრის გაგებით და იმ ადამიანების დახმარებით, რომლებსაც ეს საკუთარ ცხოვრებაზე აქვთ გამოვლილი, დავძლიე ეს პრობლემა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როცა ვაღიარე ეს ყველაფერი და ვითხოვე დახმარება.

გამარჯობა, მე გიორგი ვარ, 28 წლის, თბილისიდან. 14 წლის ასაკიდან აქტიურად ვთამაშობ. თავიდან გასართობად, ხოლო ნელნელა ეს გადაიზარდა უკონტროლო მუდმივ მოთხოვნილებაში. თითქმის სულ ვთამაშობდი, როცა ვერ ვთამაშობდი მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. რამდენიმე წელიწადში ცხოვრებაში ახალი საზიანო მეგობრები გამოჩნდნენ, ალკოჰოლის და მსუბუქი ნარკოტიკების სახით. ჩემი ცხოვრება ეკუთვნოდა ყველაფერს ჩემ გარდა. ყოველი დღე იწყებოდა იმაზე ფიქრით, თუ როგორ მეშოვნა ფული თამაშისთვის. ვერ შევძელი კონტროლი და ვერც უარის თქმა, სანამ არ გავიცანი იგივე გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებსაც ერთი განსაცდელი აერთიანებდათ და ერთად ცდილობდნენ თავი დაეღწიათ ამ ჯოჯოხეთისგან.
დღეს მე უკვე ვაკონტროლებ საკუთარ თავს. მთავარია, აღიარო, რომ თამაშდამოკიდებული ხარ.
დღესდღეობით საქართველოში არის საშუალება, რომ შეხვდე ადამიანებს რომლებიც იკრიბებიან ყოველდღიურად, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ისტორიებს. ეს კი გეხმარება გახდე საკუთარი, ასევე მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის თანამონაწილე.

პოკერის თამაში რვა წლის ასაკში დავიწყე. ვოცნებობდი პროფესიონალი მოთამაშე გამოვსულიყავი. ვთამაშობდი ყველგან და ყოველთვის.
ჩემთვის გემბლინგი დამამშვიდებელი ნარკოტიკი გახდა. თავს იმით ვიმართლებდი, რომ მხოლოდ თამაშში ვიყავი მაგარი. თამაშთან ერთად, ალკოჰოლზე დამოკიდებულიც გავხდი. ამ ჭაობიდან ჩემმა ცოლმა მიხსნა, როდესაც მკითხა რა მერჩივნა – ვყოფილიყავი კარგი მამა თუ პოკერის ჩემპიონი?
მივმართე სპეციალისტებს და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა: მივხვდი, რომ თამაშზე დამოკიდებულების მთავარი მკვებავი ძალა შინაგანი ტრავმა და დაბალი თვითშეფასება იყო. ეტაპობრივად დავძლიე ეს სენი და იმდენად შევედი ეშხში, რომ უკვე რვა წელია ამ პრობლემების მქონე ადამიანებს ვეხმარები. პერიოდულად ვესაუბრები სხვებს – ხანშიშესულებს, სამკურნალო ცენტრების პაციენტებს ან მათ, ვისაც ასეთი საუბრები სასამართლომ მიუსაჯა. მე ვიცი მათი პრობლემები და მე მათი ყველაზე კარგად მესმის.
ამ პრობლემით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ გამოსავალი არის, მთავარია პრობლემას თვალი გავუსწოროთ და დახმარება ვითხოვოთ.